

ადგილი კონსულტაციისთვის
ჩანდლერის ჯიშის კაკალის კულტურის შესახებ
კაკალი ჩანდლერი 1948 წელს ამერიკის ქალაქ კალიფორნიაში (კალიფორნიის უნივერსიტეტში) სელექციის შედეგად გამოიყვანა ჰ. ჩანდლერმა, ხოლო მისი, როგორც საუკეთესო ჯიშის დაპატენტება მოხდა 1979 წელს.
აღნიშნული ჯიში ხასიათდება უხვმოსავლიანობით, მოსავლის მიღება იწყება დარგვიდან მე-4 წელს, სრულ მსხმოიარობას აღწევს დარგვიდან მე-8 წელს და შეადგენს 70 კგ-ს ერთ ძირზე.
დამტვერვა - დასამტვრეად გამოიყენება როგორც ამერიკული, ასევე, ესპანური წარმოშობის კაკლალი - პედრო, რომელიც ჩანდლერზე შედარებით დიდ ვარჯას იკეთებს (8-9 მ).
საკვები არე - 5*5 (ოპტიმალური) ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნა 6*7.
ნიადაგის მომზადება - დარგვამდე სასურველია 2-3 თვით ადრე მოხდეს იმ ნიადაგის დახვნა-დაკულტივირება, სადაც ხდება აღნიშნული კულტურის გაშენება. ნიადაგი უნდა მოიხნას არანაკლებ 30-35 სმ სიღრმეზე. აუცილებლად უნდა დადგინდეს ნიადაგის როგორც მექანიკური, ასევე ქიმიური შემადგენლობა, გრუნტის წყლების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია გასაშენებელი ფართობის ირგვლივ მოეწყოს სანიაღვრე-სადრენაჟე არხები. უშუალოდ დარგვამდე 2-3 კვირით ადრე უნდა მოხდეს ორმოების მომზადება შემდეგი მოცემულობით: სიღრმე - 70 სმ, დიამეტრი - 1მ.
დარგვა - დარგვამდე ხდება წინასწარ გამზადებულ ორმოებში მიწისა და გადამწვარი ნაკელის (ანდა/ტორფის, დეფეკაციური ტალახის) ერთმანეთში გადარევა, მიღებული მასის გაფხვიერება და უკუჩაყრა. ნერგებს უტარდება ერთგვარი დადებითი გაღიზიანება (წაჭრა) 2-5 სმ-ს ოდენობით, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ფესვთა სისტემამ მჭიდრო და მყისიერი კავშირი დაამყაროს ნიადაგთან. სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი ფესვთა სისტემა დამუშავდეს (ამოევლოს) წინასწარ მომზადებული წუნწუხით (ჟიჟა).
ნერგის ჩარგვა ხდება კონკრეტული მოცემულობთი სიმაღლით არუმეტეს სანამყენე ყელამდე 7-10 სმ-ით.
ახლად ჩარგული ნერგის ირგვლივ საჭიროა დატკეპნა, მორწყვა (2-3 ლ.) და აიკვრას ჭიგოზე (სარი, ბოძი).
ადრე გაზაფხულზე, რეკომენდირებულია ნერგი გადაიჭრას სანამყენე ყელიდან 5 ნამდვილი კვირტის სიმაღლეზე, აღნიშნული ხელს შეუწყობს მცენარის ფესვთა სისტემისა და ვარჯის ჩამოყალიბებას.
კაკალის გამრავლება - კაკლის გამრავლება შესაძლებელია თესლით და ვეგეტაციური წესით. მსოფლიოში და ჩვენთანაც ადრე მიღებული იყო თესლით გამრავლება, ამისათვის სპეციალურად შერჩეული სადედე მცენარეებისაგან იღებდნენ თესლს, ხოლო ბოლო პერიოდში მისი გამრავლება ხდება ვეგეტაციური მეთოდით (გადაწვენით, კალმით, და მყნობით), თუმცა პრაქტიკული გამოყენება აქვს მყნობით გამრავლებას. მყნობისათვის ოპტიმალური ვადებია ივნის-ივლისი.
კაკალის გაშენება და მოვლა. კაკალი სინათლის მოყვარული მცენარეა. იგი კარგად ხარობს ღრმა, ნოყიერ, თიხა-კირიან და თიხნარ ნიადაგებში. გრუნტის წყლის დონე არ უნდა იყოს 2 მეტრზე ახლოს. იგი მძლავრი ფესვთა სისტემის გამო კარგად ვითარდება ქვიან და ღორღიან ნიადაგებზეც. ნიადაგის მჟავიანობა სასურველია იყოს pH5,5-8. კაკალის სამრეწველო ბაღის გაშენებისას ნიადაგს ამზადებენ, როგორც სხვა ხეხილოვანი კულტურებისათვის (პლანტაჟი, ჯვარედინი ხვნა, დადისკვა, ფარცხვა). სახეობების, ჯიშების და ნიადაგის ნაყოფიერების დონის მიხედვით მცენარეთა განლაგება განსხვავებულია. როგორც წესი იგი ირგვება 10x10 მ, 8x10 მ, 8x8 მ-ზე, ხოლო ჩანდლერის ჯიშის ნერგები ირგვება 5x5 მ-ზე და 6x8 მ-ზე.
დარგვამდე აუცილებელია ორმოს მომზადება. ორმოს სიღრმე უნდა იყოს 0,70 მ., ხოლო დიამეტრი 1 მეტრამდე. ამასთან თითოეულ ორმოში წინასწარ უნდა იქნეს შეტანილი 15-20 კგ. წინასწარ მომზადებული ორგანული სასუქი (გადამწვარი ნაკელი, ტორფნაკელიანი, ტორფდოლომიტიანი და სხვა ორგანული წარმომავლობის გადამწვარი ორგანული მასა.) . თითოეულ ორმოში აუცილებელია შეტანილ იქნეს 100 გრამი ფოსფოროვანი და 60 გრამი კალიუმიანი სასუქი. კაკლის გაშენების ოპტიმალური ვადაა გვიანი შემოდგომა (ნოემბერი) და ადრე გაზაფხული (მარტი). ნერგების ორმოში დარგვის წინ უნდა შეიკვეცოს ფესვები, ამოივლოს წუნწუხში და ჩაირგოს ორმოში ისე, რომ ფესვის ყელი ან ნამყენი ადგილი მიწის ზედაპირიდან 7-10 სმ-ის ზევით უნდა დარჩეს. ახალჩარგული ნერგი აუცილებლად უნდა მოირწყოს და აიკრას ჭიგოზე.
კაკალის სამრეწველო ბაღში პირველ სამ წელიწადს მიზანშეწონილია რიგთაშორის სათოხნი პარკოსანი კულტურების (სოიო, ლობიო და სხვა) ან სასიდერაციო კულტურების თესვა, რომელიც ყვავილობის პერიოდში ჩაიხვნება ნიადაგში. მოვლა ითვალისწინებს კაკალის რიგთაშორისების პერიოდულ საგაზაფხულო - საშემოდგომო დამუშავებას, მცენარეების ირგვლივ შემობარვას, ორ-სამჯერ ნიადაგის გაფხვიერებას და ორგანულ-მინერალური სასუქების შეტანას, საჭიროების შემთხვევაში (გვალვა, ცხელი ამინდები და სხვა.) მორწყვას. ახალგაშენებულ ბაღებში, ნაყოფმსხმოიარობაში შესვლამდე სასუქები შეაქვთ ვარჯის პროექციის ერთ მეტრ კვადრატზე 10-12 გრამი აზოტოვანი, 4-5 გრამი ფოსფოროვანი და 3-4 გრამი კალიუმიანი სასუქი. მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ ერთი ძირის ქვეშ შეიტანება 30-40 კგ. ორგანული სასუქი, ხოლო მინერალური სასუქის შეტანის ნორმაა N100, P90, K60 კგ/ჰა-ზე.
კაკლის კულტურის გასხვლა-ფორმირების თავისებურებანი. კაკალი ბუნებრივად ივითარებს გაშლილ ძლიერ ვარჯს. მისი ფორმირების საუკეთესო წესია მეჩხერსართულიანი, ცვალებად-ლიდერიანი ფორმა.
კაკლის დარგვისას უნდა შევინარჩუნოთ ცენტრალური (გამაგრძელებელი) ღერო, რომელიც დარგვის დროს არ უნდა გადაიჭრას, სუსტად დატოტვილ ერთწლიან ან ორწლიან ნერგების ქვედა ტოტებს ამოკლებენ ხუთ-ექვს კვირტამდე, ხოლო ზედა ტოტს ხელუხლებლად ტოვებენ.
შემდგომი წლების განმავლობაში გასხვლის მიზანია მივიღოთ ცენტრალურლიღერიანი, იარუსიანი ან უიარუსო ფორმის მცენარე. ცენტრალური ლიდერის გარშემო იარუსებად განვითარებული უნდა იყოს 6-10 ტოტი, რომლის დამოკლება არ შეიძლება, ამასთანავე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ ლიდერი ტოტი უნდა იყოს სქელი და გრძელი, ვიდრე მისგან გამომავალი გვერდითი ტოტები. შემდგომ წლებში რეგულარულად ხდება კონკურენტი ტოტების მოცილება (გამოჭრა), ხოლო ლიდერს არ ეხებიან. გვერდითი ტოტებიდან ამოიჭრება გახშირებული, გამხმარი, ქვევით მიმართული და გადახლართული ტოტები, ხოლო შემმოსავი ტოტები საჭიროებისამებრ გამომეჩხერდება.
კაკლის მავნებელ-დაავადებანი და მათთან ბრძოლის ღონისძიებანი.
კაკლის მცენარე თავისი ბიოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე ძალზედ მდგრადია მავნე ორგანიზმების ზემოქმედების მიმართ, თუმცა ზოგიერთ წელიწადში აღინიშნება შემთხვევები, როცა მცენარეზე შესაძლებელია გავრცელდეს მავნებელთა ისეთი სახეობები, როგორიცაა კაკალის ქეჩისებური ტკიპა, ამერიკული თეთრი პეპელა, ვაშლის ნაყოფჭამია და ბუგრი. ახალგაზრდა ნარგავებში მათ წინაამღდეგ საბრძოლველად გამოიყენება ფოსფორორგანული პრეპარატებისა და მინერალური ზეთის კომბინირებული ნაზავით შესხურება. მოსავალი და კრეფა. სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ შესაბამისი მოვლისა და აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში ერთ ჰა-დან შეიძლება მივიღოთ 15-18 ტონამდე მოსავალი. კაკალი იკრიფება (იბერტყება) სრული სიმწიფის სტადიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში გული გამოშრობისას პატარავდება ზომაში და ცუდად ინახება. მწიფე კაკლების მწვანე გარსი თავად სკდება და ცვივა, რაც მთლიანი სიმწიფის მაჩვენებელია, რადგანაც ნაყოფის მთლიან სიმწიფეში შესვლა ერთდროულად არ ხდება მიმართავენ ტოტებიდან მის ჩამობერტყვას. კრეფის შემდეგ იმ კაკლებს, რომლებსაც მწვანე გარსი აქვთ შემორჩენილი აცლიან მას, რეცხავენ სუფთა წყალში და აშრობენ მზეზე ან სპეციალურ საშრობში. გამშრალ კაკალს ინახავენ გრილ და მშრალ სათავსოში 3-10°C-ის ტემპერატურაზე. ასეთ პირობებში იგი ინახება ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
შეადგინა: თომა ხალვაში